2016-02-13 17:01:46
"ნაციონალური მოძრაობა" - ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა მის საყვარელ ხეს გადატანის დროს პრობლემა შეექმნა

ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა მის საყვარელ ხეს გადატანის დროს პრობლემა შეექმნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ ციხისძირში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ხის გადარგვა საკუთარ ეზოში უნდა.

"მაშინ როცა ბათუმში თოვლის გამო ყველაფერი გაჩერებული იყო, ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა. ის არ ჩანს მაშინ, როცა ხალხს უჭირს. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა მის საყვარელ ხეს შეექმნა პრობლემა გადატანის დროს. ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, თუ მას პირადად არ ეხება. მას ამ ხის ამბავი ეხება, იმიტომ, რომ საკუთარ ეზოში უნდა დარგოს", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სამუშაოები მანამდე შეაჩერა, სანამ "მისი მთავრობა" არ მოაწერს ხელს ყველა საჭირო დოკუმენტაციას.

"ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეჩერდება სამუშაოები მანამ, სანამ მისი მთავრობა არ მოაწერს ხელს ყველა დოკუმენტს. ისმის კითხვა, იყო თუ არა ის ხუთი ადამიანი უკანონო პატიმარი თუნდაც ერთი დღით და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი", - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა. 

დღეს ციხისძირში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ, სამუშაოების წარმოების შესაბამის დოკუმენტაციას.

ამავე თემაზე