2015-09-08 12:07:30
საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო

საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო - ამ სათაურით აქვეყნებს "ქრონიკა+" საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, ვრცელ სტატიას. გაზეთში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია თემას, რომელიც მაუწყებელში არსებულ ნეპოტიზმს ეხება

"გიორგი ბარათაშვილის მეუღლე _ ანი ნადირაძე, „პირველი არხის“ დილისა და შუადღის გადაცემების პროდიუსერია; გიორგი ბარათაშვილის ცოლისძმა _ მიშა ნადირაძე, „პირველი არხის“ ტექნიკური პროდიუსერია; გიორგი ბარათაშვილის და _ ქეთევან ბარათაშვილი, ამავე არხის პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომელია; გიორგი ბარათაშვილის დისშვილი _ სალომე სონიშვილი-კურტანიძე ჟურნალისტია; გიორგი ბარათაშვილის სიძე, დისქმარი _ კახა სონიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილეა ფინანსურ დარგში; გიორგი ბარათაშვილის შვილი _ ნუცა ბარათაშვილი, ჟურნალისტია; გიორგი ბარათაშვილის დეიდაშვილი _ გვარად პატიაშვილი, ტექნიკური თანამშრომელია; გიორგი ბარათაშვილის ცოლის, ანი ნადირაძის მეგობრის, ანა ჩიკვილაძის ქმარი, ბესო მაბანაშვილი, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსია (ტექნიკური განათლება არ აქვს).

გიორგი ბარათაშვილი: „კი ბატონო, ჩემი მეუღლე, ანი ნადირაძე მუშაობს 2009 წლიდან, მერე 2013 წლის 1-ლი იანვრიდან თვითონ წავიდა სამსახურიდან და მეორედ რომ გადამაყენა მე ბორდმა, 2013 წლის ოქტომბერშია სამსახურში აღდგენილი. ანის აქვს ძალიან დიდი ჟურნალისტური ბეგრაუნდი, შესაბამისად, მუშაობს, გიდასტურებთ. ცოლისძმა, მიშა ნადირაძე, კი ბატონო, გიდასტურებთ, მუშაობს, მაგრამ რაც შეეხება მიშა ნადირაძეს, 2009 წლის 9 ივლისიდან მუშაობს ტელევიზიაში. ჩემს დაზე ქეთევანზე ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ, რომ არც ერთი დღე არ უმუშავია ჩემთან ტელევიზიაში. სალომე სონიშვილი-კურტანიძე, რომელიც ასევე 2009 წლის 11 მაისიდან მუშაობს ტელევიზიაში. კახა სონიშვილთან ცოტა ისეთი რამეა, კახა კი ბატონო, არის, ოღონდ მათ აქ გაიცნეს ერთმანეთი და მოიყვანა ცოლად ერთი წლის წინ. კახა მუშაობს 2013 წლიდან. ასე მოხდა და რა ვუყოთ... რაც შეეხება ჩემს შვილს, ნუცას, არც ერთი დღე არ უმუშავია. რაც შეეხება დეიდაშვილს, გვარად პატიაშვილს, ასეთი ჩვენთან არ მუშაობს და საერთოდ, დეიდაც არ მყავს. მე და ბესო მაბანაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ და ჩვენი მეუღლეებიც მეგობრობენ, ესეც თუ პრობლემა იყო, არ ვიცოდი. ისიც იცოდეთ, რომ მაბანაშვილი 2011 წლიდან მუშაობს ტელევიზიაში ანუ არც ერთი ადამიანი, ვინც აქ მუშაობს, ჩემ მიერ სამსახურში დანიშნული და აყვანილი არ არის. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მე წავიდე სამსახურიდან, რადგან არც ერთი ამ ადამიანის დანაშაული არ არის ის, რომ მე დავინიშნე დირექტორად. ეს ადამიანები, ყველა ძალიან დიდი ხანია, ამ პროფესიაში მუშაობს. ჩემი დირექტორობის პერიოდში, არც ერთი ჩემი ახლობელი სამსახურში არ მიმიღია, რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ანას არ აქვს უფლება იმუშაოს არც ერთ სხვა მაუწყებელში, კანონში არ წერია, უბრალოდ, რომ არ შეუძლია იმუშაოს, ერთადერთი, სადაც შეუძლია იმუშაოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ ის ჟურნალისტია, 20 წლის განმავლობაში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ტელევიზიაში, ადამიანმა საერთოდ პროფესია უნდა დაკარგოს, რადგან მე დირექტორი გავხდი? ამის შესაბამისად, ერთი რამე მინდა გითხრათ, კი ბატონო, ეს ხალხი მუშაობს, მაგრამ რა ვქნა, მე ამ ტელევიზიაში ერთი არ დავიბადე, თორემ აქ ვარ გაზრდილი. ბევრი ადამიანი ჩემი ახლობელი, მეგობარი ამ პროფესიაში მუშაობს. მე რომ დავინიშნე დირექტორად, ამ ადამიანების ბრალი არ არის და მაშინ ერთადერთი გამოსავალია, მე უნდა წავიდე. ასეთი დილემა დგას, კი ბატონო, მაგრამ ხომ გეუბნებით, მე არცერთი ადამიანი სამსახურში არ მიმიღია ჩემი ხელმოწერით",-წერს გაზეთი "ქრონიკა +"

 

ამავე თემაზე