ჰაკიმ ფაშა და სამარ ჩოკუტაევი - სად გაქრა სკანდალური საქმეები?
2015-04-30 00:07:47 · ამობეჭდვა

ამ დრომდე უცნობია რა ეტაპზეა ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორ სამარ ჩოკუტაევის საქმის გამოძიება. 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს შსს-მ ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორ სამარ ჩოკუტაევზე ინტერპოლს, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ჩასმის მოთხოვნით მიმართა. თუმცა დღეს ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩოკუტაევის გვარი არ იძებნება. ასევე უცნობია „ჰაკიმ ფაშას“ სახელით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების დეტალები. უცნობია აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს თუ არა კვლავ ძიება , ან რა ეტაპზეა საქმე. „პირველი რადიო“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყების პრესსამსახურში საქმეებთან დაკავშირებით კოემენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა მუქარის შემცველი ვიდეო მასალა, რომელიც ჯიჰადის სახელით გავრცელდა. შს სამინისტროში მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ საქმე გაიხსნა და ვიდეოს დამზადება ატვირთვისთვის ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი. ის სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა .უწყების ცნობით, ვიდეორგოლის დამზადებისას გამოყენებული ვიდეომასალა კი მოპოვებული იყო თავისუფალი წვდომის ინტერნეტსივრცეში. 1989 წლის 6 მარტს დაბადებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით დაიწყო და მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ჯერჯერობით უცნობია კვლავ ეძებენ თუ არა მუქარის შემცველი ვიდეოების დამზადება გავრცელებაში ბრალდებულს ქართველი სამართალდამცველები.

რაც შეეხება „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებულ ვიდეო მასალის ავტორს- საქმის გამოძიების დეტალები აქაც უცნობია. შეგახსენებთ, რომ "ჰაკიმ ფაშას" სახელით ატვირთული ფოტოები ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის შემცველი მასალებს ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტომასალა მთავარ პროკურატურაში ინახებოდა.







გაზიარება და მოწონება