2015-04-28 23:34:58
ბიზნეს ომბუცმენი გახარია თუ მოქმედი მინისტრები - ვინ იქნება ახალი პრემიერი

დაწყებული საკადრო ცვლილებები აუცილებლად მივა პრემიერ-მინისტრის ცვლილებამდე -ამის შესახებ განცხადებას, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აკეთებს. "პირველ რადიოსთან" საუბრისას კილაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ შექმნილი პრობლემების ფონზე საკადრო ცვლილებები  გაგრძელდება და ის პრემიერ-მინისტრის გადადგომით დასრულდება. გარადა ამისა, ჟურნალისტი კიდევ ერთ მინისტრს ასახელებს, რომელიც უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს. კილაძის თქმით, თანამდებობიდან სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგება, რის შემდეგაც მთავრობისთვის ნდობის საკითხის დაყენება მოჰყვება. ელისო კილაძის ინფორმაციით, სამთავრობო წრეებში ირაკლი ღარიბაშილის შემცვლელად  ხუთი გვარი სახელდება. კახი კალაძე, გიორგი კვირიკაშვილი,ნოდარ ჯავახიშვილი, დავით სერგეენკო და ბიზნეს ომბუცმენი გიორგი გახარია.

დაწყებული საკადრო ცვლილებები აუცილებლად მივა პრემიერ-მინისტრის ცვლილებამდე. დარჩა მხოლოდ ერთი მინისტრის ცვლილება და დღის წესრიგში უნდა დადგეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.  ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მინისტრი ვინც გადადგება სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  იმიტომ, რომ გადადგომების მთავარი მიზეზი გახლავს ის, რომ ეს მინისტრები არიან პრემიერის ცოლის მამიდაშვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო მეგობრები და თანამდებობებზე მისი რეკომენდაციით დანიშნულნი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას , ჩემი ინფორმაციით, გარდა დასახელებული კანდიდატურებისა-კალაძე, ჯავახიშვილი, სერგეენკო , კვირიკაშვილი, განიხილება ბიზნეს ომბუცმენ გიორგი გახარიას  კანდიდატურა. მე ვფიქრობ ის გახლავთ საკმაოდ წარმატებული კადრი , იმიტომ, რომ მას აქვს ინტენსიური ურთიერთობა ბიზნესმენებთან და მათ შორის ბოლო ფაქტი მაქვს , როდესაც ქუთაისში ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორს ქუთაისის მერმა საკუთარი ბრძანებით ჩამოართვა პირადი საკუთრება და ქონება  და ბატონი გახარია აქტიურად არის ჩართული. ჩემი ინფორმაციით, მისი კანდიდატურაც აქტიურად განიხილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. გამორიცხვით არ გამოირიცხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მე ველოდები ამ პროცესში რესპუბლიკელების როლის გააქტიურებას, იმიტომ, რომ რესპუბლიკელების ხმებს, კოალიციასა და საერთოდ უმრავლესობაში ოქროს ფასი ადევს. გამომდინარე იქედან შეთანხმდებიან თუ ვერ შეთანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მინისტრების პროტფელებს ან მიიღებენ, შესაძლებელია, რომ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში ჩავარდება , რასაც უკვე მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე.საბოლოოდ  მე ვფიქრობ, რომ ამ გადადგომებისა და პრობლემების  ფონზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშილის მესამედ წარდგენა გამორიცხულია,"-განაცხადა ელისო კილაძემ. 

ამავე თემაზე