2015-04-18 12:34:46
რუსული წარმოების ინგლისური წარწერების მქონე F1 ტიპის ხელყუმბარა არ არსებობს-ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები

გია სოსანაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამძიმების გასაჩივრებას არ აპირებს. სოსო ჯოგლიძის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და სოსანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი სოსო ჯოგლიძე პროკურატურას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ადვოკატი გიორგი სოსანაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ხელოვნურად მიიჩნევს.სოსო ჯოგლიძის მტკიცებით, ყარაფილაში აფეთქებული ხელყუმბარა სასწავლოა და ის აფეთქების შემდეგ მიიტანეს სასაფლაოზე. მისი მტკიცებით, საქმეში არსებული F1 ტიპის ხელყუმბარა რეალურად არ არსებობს, რადგან მას აქვს არა რუსული, არამედ ინგლისური წარწერა. 

"საქმის მასალებს თუ დააკვირდებით, შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა ნებისმიერ ექსპერტს, ნებისმიერ ბალისტიკოსს, რომ რუსული წარმოების ხელყუმბარა F1-ი ტიპი ფალიაზე აფიქსირებს წარწერას uzrgm და შესაბამისობაშ მოდის ნომრის მაჩვენებელი. არ არსებობს პრაქტიკაში რუსული წარმოების ხელყუმბარა ინგლისური წარწერით. იმ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული , ის არის მერე დადებული. მაჩვენოს ექსპერტმა რუსული ხელყუმბარა ინგლისური წარწერით uzrgm, ასეთ არ არსებობს პრაქტიკაში,"-განაცხადა ჯოგლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გია სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ამავე თემაზე