2014-12-22 19:35:54
ვახო სანაიას საგანგებო განცხადება

ჟურნალისტი, "მაესტროს" ყოფილი თანამშრომელი, ვახო სანაია, მაესტროს ირგვლივ ატეხილ ხმაურს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი რადიო" უცვლელაგ გთავაზობთ

 

,,მაესტროს" შესახებ. 
გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ !!!

მათთვის, ვინც მედიასივრცეში მიმდინარე ცვლილებების ანალიზს ცდილობს. ვფიქრობ, დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ ის, რასაც მოგიყვებით. უკვე ოთხი თვეა აღარ ვარ ,,მაესტროს” თანამრომელი. ,,მაესტროში,, 2014 წლის დასაწყისში გადავედი. იცით, რომ საქართველოს ყველა წამყვან ტელევიზიაში მიმუშავია - რაღაც ეტაპამდე, ვიდრე შესაძლებელად მიმაჩნდა, ვმუშაობდი, საბოლოოდ ყოველთვის საკუთარი ნებით მოვდიოდი სამსახურიდან. ,,პირველი არხი” იყო ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ხელმძღვანელობამ თავად გამიწყვიტა კონტრაქტი კანონის დარღვევით ცნობილი მიზეზების გამო. ის საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და სასამართლოში მოვიგეთ მე და ჩემმა თანამშრომლებმა. მეორე ტელევიზია, საიდანაც წამოსვლა არა ჩემი, არამედ მენეჯმენტის სურვილით მომიწია, გახდა მაესტრო. აქვე მინდა ვთქვა, რომ მაესტრო იყო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი სივრცე, სადაც ოდესმე მიმუშავია და ამიტომ ყველაზე მეტად დამწყდა გული.

როგორც იცით, ვიყავი ,,ცხრიანის” წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად, ასევე კვირაობით მიმყავდა ჩემი საავტორო გადაცემა ,,ვახო სანაიას რეპორტაჟი”. თავდაპირველად არ მქონია არანაირი ხელშეშლა თავისუფლების თვალსაზრისით. პირველი გადაცემა გაკეთდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე. ივანიშვილის დამოკიდებულებაზე საპატრიარქოსთან. ამას მოჰყვა ჩემი გადაცემები ნეპოტიზმზე - ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში. ასევე ,,ქართული ოცნების” დაპირებებზე. გავიდა გადაცემა შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებაზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კონფლიქტზე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებზე და სხვა. ყველა გადაცემას ჰქონდა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ გადაცემაზე, რომელიც ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებს ეძღვებოდა, იმავე გადაცემაში შევეხეთ ,,ქართუული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებსაც. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის ორგანიზაცია ,,მოქალაქე”, მთავრობა, პარტია ,,ქართული ოცნება,, ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს და მართავდნენ ბრიფინგებს და გადაცემის შინაარსს აპროტესტებდნენ. გარედან მომდინარე სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულ შეტევას დაემატა ერთი მოულოდნელი ამბავი შიგნიდან. ტელევიზიის დირექტორმა შეხვედრა მთხოვა. იმ შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა( ისინი, რომლებიც უკვე დღეიდან უკვე აღარ მუშაობენ მაესტროში) . დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით ,,მაესტრო,, შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა. დირექტორი ძალიან ღელავდა ამის გამო. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიცია იყო. ჩემი აზრი მარტივად ჩამოვუყალიბე: ის იყო კერძო არხის ხელმძღვანელი და თუ ამ კერძო ტელეკომპანიას არ სურს და არ აწყობს ჩემი გადაცემები, მე წავალ, რადგან არ ვაპირებ ყვავილებზე რეპორტაჟების მომზადებას. ავუხსენი, რომ ჩემი ყველა რეპორტაჟი იქნებოდა მწვავე და აქტუალური - გამომდინარე იმ თემებიდან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩემი პასუხი იყო - თუ გინდათ ჩემი გადაცემები ამ სახით, მე გავაგრძელებ. საბოლოოდ, შეხვედრა ამით დასრულდა, იმ კონკრეტულ დღეს არაფერი შეცვლილა და მეც, ჩვეულებრივ, განვაგრძე ჩემი საქმე. ამ ამბის შემდეგ დირექტორი კიდევ ერთხელ დაინტერესდა ჩემი გადაცემით და მოიკითხა ჩემთან, რამდენად მწვავე იქნებოდა ის კონკრეტული თემა, რომელიც ეთერში გავიდოდა მიმდინარე კვირას. ამაზე ჩვენ შორის საკმაოდ მოკლე, ფორმალური და ცივი მიმოწერა შედგა, რომ გადაცემა იქნებოდა ობიექტური, რადგან მე სხვა არანაირი ინტერესი არ გამაჩნდა. ეს იყო და ეს.

იმ დღის მერე რაიმე მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. იმავე პერიოდში კონფიდენციალურად მივიღე ინფორმაცია, რომ მალე, რამდენიმე თვეში, ,,მაესტროში” არც მე ვიქნებოდი და არც ჩემი გადაცემა. აქვე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - მე უფრო ადრე მქონდა ეს ცნობა, ვიდრე თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას. ეს ინფორმაცია მე მივიღე ტელევიზიის გარედან. ეს ხდებოდა ზაფხულში.

გარკვეული პერიოდით მივემგზავრებოდი მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიიდან ჩამოსვლის შემდეგ არც არავისთვის დამიმალავს, რომ ჩემი გადამოწმებული და სანდო ინფორმაციით, წლის ბოლომდე ,,მაესტროს” არც ერთი საავტორო გადაცემის წამყვანს არხზე აღარ დატოვებდნენ. ეს ინფორმაცია მივაწოდე ნინო ჟიჟლაშვილსაც და სხვა წამყვანებსაც, რომელთა შესახებაც მქონდა ცნობა, რადგან დანამდვილებით ვიცოდი, რომ მაქსიმუმ ახალ წლამდე ყველას მოხსნიდნენ ეთერიდან. ჩემი ეს სიტყვები მაშინ ტელევიზიის თანამშრომლებში გაკვირვებას იწვევდა. თითქოს არაფერი მოასწავებდა მოვლენების მსგავს განვითარებას.

ინფორმაციაზე დაყრდნობით, მე ვვარაუდობდი, რომ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოს ,,ვახო სანაიას რეპორტაჟს” გააუქმებდნენ. საინტერესო მხოლოდ ის იყო, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი, რადგან გადაცემას, რომელიც ახალი დაწყებული პროექტი იყო მაესტროსთვის, უკვე ბევრი მაყურებელი ჰყავდა და ეთერიდან დემონსტრაციულად მოხსნა ბევრ შეკითხვას გამოიწვევდა. საჭირო იყო სხვა მიდგომა...ამიტომ მივედი დასკვნამდე, რომ პროექტს საერთოდ არ დააწყებინებდნენ მომავალ სეზონს. ზოგადად, შვებულებების პერიოდი საუკეთესო დროა მსგავსი გეგმების განსახორციელებლად. ასეც მოხდა. აი როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი: შვებულებიდან გამოსულებს, ,,ვახო სანაიას რეპორტაჟის,, ოთახში სამონტაჟოები დაგვხვდა. ანუ ოთახი ჩამოგვართვეს. ახალი ოთახი არ მოგვცეს. შემდეგ გამოგვიყვეს სხვა სართულზე, სადაც რემონტი მიმდინარეობდა და იქ თანამშრომლების შეყვანა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობისვე მტკიცებით, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ამ ყველაფერს უკიდურესად კომიკური ელემენტები ახლდა, რასაც ახლა არ მოვყვები და ალბათ - არც არასდროს. მოკლედ, ოთახი ,,ვერ” გამოინახა ძირითად შენობაში. ამის შემდეგ ადგილი ,,აღმოაჩინეს” სრულიად სხვა შენობის სხვენზე. ტექნიკურად გაუმართავი მდგომარეობა დაგვხვდა, გადაცემის მომზადება შეუძლებელი იყო. ელემენტარული პირობები არ არსებობდა რეპორტაჟის გასაკეთებლად. თან მე ,,ცხრიანის” წამყვანიც ვიყავი და წარმოუდგენელი იყო ორ ერთამანეთისგან დაშორებულ შენობას შორის როგორ უნდა მემოძრავა, როცა ყოველ წუთს უნდა მქონოდა უშუალო კონტაქტი როგორც ,,ვახო სანაიას რეპორტაჟის” შემოქმედებით ჯგუფთან, ასევე ,,ცხრიანის”გუნდთან. ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რაც ხდებოდა. ამიტომ გადაცემას ფაქტობრივად ქუჩაში ვგეგმავდი, ხან კაფეში, ხან - სად. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობას კონკრეტულად და ოფიციალურად კიდევ ერთხელ დავუსვი საკითხი და ამჯერად წერილობით მივმართე, რომ გადაცემა ფიზიკურად ვერ გავა ეთერში, რადგან სამუშაო პირობები მომისპეს. ელემენტარულად სამონტაჟო არ გვქონდა. არ არსებობდა არქივთან წვდომა. არქივი კი ანალიტიკური გადაცემის მოსამზადებლად აუცილებელი პირობაა. მივმართე, რომ ეზრუნათ ამ ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად, რომ როგორმე ეთერში გავსულიყავით. ბევრი არ უფიქრიათ. დირექტორმა სასწრაფოდ გამომიცხადა ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, რომ ,,ვახო სანაიას რეპორტაჟი” მოხსნილია ეთერიდან. ეს სრულიად მოულოდნელი იყო მაესტროს თანამშრომლებისთვის. უფრო სწორედ, მოულოდნელი იყო ის, რომ ამ ფორმით შესრულდა გეგმა, რის შესახებაც მე კარგა ხანს ვლაპარაკობდი. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ,,ცხრიანიდანაც” წამოვედი. როცა ერთ პროექტს ხსნიან ეთერიდან, მეორეზე თავმოყვარეობის გამო არ დარჩები.

დღემდე ეს ყველაფერი არ მითქვამს საჯაროდ ტელევიზიის გარეთ. ვფიქრობდი, რომ ბევრი მიზეზის გამო ,,მაესტროსა” და მის თანამშრომლებს დააზარალებდათ ამ ისტორიის საჯაროდ მოყოლა, თუნდაც იმის გამო, რომ გარკვეულწილად განმარტებების გაკეთება მოუწევდათ ჩემთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ ვარ არხზე, რისი ვალდებულება მათ საერთოდ არ ჰქონდათ. ეს გამოიწვევდა მათსა და მენეჯმენტს შორის დამატებით პრობლემებს. ამით კი მენეჯმენტი ისარგებლებდა და უფრო მეტად შეავიწროებდა საინფორმაციო სამსახურს. შესაბამისად, ვარჩიე ისე დამემთავრებინა ,,მაესტროსთან” ურთიერთობა, რომ იქ დარჩენილი ჩემი მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის დამატებითი დაძაბულობა არ დამეტოვებინა არხის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში. ჩემი ამ მიდგომის შესახებ ,,ცხრიანის” გუნდს ვესაუბრე და საქმის კუსრში ჩავაყენე, რომ სწორედ ასე მოქცევას ვაპირებდი. ვეცდები ავხსნა კიდევ ერთი რამ. მე რომ ეს განცხადება მაშინ გამეკეთებინა, შექმნიდა ჩემთვის პიროვნულად და პროფესიულად მიუღებელ ვითარებას. განვმარტავ, რატომ. ჩემგან, ადამიანისგან, რომელიც არხზე სულ რაღაც 8 თვის მისული იყო, არ იქნებოდა სწორი, ამ ისტორიის მოყოლით ,,მაესტროსთვის” ჩრდილი მიმეყენებინა. ლაპარაკია არხზე, რომელმაც ჩემამდე წარმოუდგენელ სირთულეებს გაუძლო. ასე რომ, მე მივიღე პიროვნული გადაწყვეტილება, არ დამეყენებინა მთლიანად არხი დარტყმის ქვეშ, არ ჩამეყენებინა ის თავის მართლების პოზიციაში ხელმძღვანელობის ქმედებების გამო. მით უფრო, რომ იქ ჩემი მეგობრები, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ არავის გავლენა და ინტერესი არ გაეტარებინათ საინფორმაციოში და ეკეთებინათ მიუკერძოებელი ნიუსი. მოკლედ, მიუხედავად ,,ცხრიანის” გუნდის სრული მხარდაჭერისა, მე ამ ფორმით დავასრულე ურთიერთობა ,,მაესტროსთან”.

ამასთან, არხის იურიდიული სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში მთხოვდა დამეწერა განცხადება, რომ ,,მაესტროდან”, მათ შორის კვირის საავტორო გადაცემიდანაც თავად წამოვედი, რაც, რა თქმა უნდა, არ გავაკეთე. მათაც არ ჩაუბარებიათ ჩემთვის არანაირი დოკუმენტი, რატომ დახურეს პროექტი. ამიტომ ვერსად იპოვით ბუნებაში საბუთს, სად, როდის და რა მიზეზით გაქრა ჩემი გადაცემა, ყოველ შემტხვევაში, მე ასეთი დოკუმენტი არ მინახავს.

ახლა, როცა ,,მაესტრო” ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლებელია, მივეცი თავს უფლება, მომეყოლა ის მინიმალური ინფორმაცია, რაც ალბათ დასკვნების გასაკეთებლად გამოგადგებათ.

ამ ტელევიზიას ჰქონდა იმაზე დიდი როლი დღევანდელ საქართველოში, ვიდრე ვინმეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს. არასდროს ჩემს ცხოვრებაში სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სიტყვა არ დამცდენია ყოფილ სამსახურზე - კარგის მეტი. არც მაესტროს შემთხვევაში გამიკეთებია ეს. პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, ფეისბუქზე საჯაროდ მადლობაც კი გადავუხადე ,,მაესტროს” ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის...მოკლედ, ამდენი ხნის შემდეგ იმიტომ გადავწყვიტე მოყოლა, რომ ,,მაესტრო” ისეთი, როგორსაც თქვენ მას იცნობდით, უბრალოდ აღარ არსებობს. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე ჩემი ისტორიას უკვე მხოლოდ ვახო სანაიას აღარ ეხება. შეიძლება, ვინმემ შეცდომად ჩამითვალოს და მითხრას, რომ აქამდეც უნდა მომეყოლა, მაგრამ მე მაშინ ასე მივიჩნიე საჭიროდ და ახლაც ამავე აზრზე ვრჩები, რადგან მიმაჩნია, რომ საკუთარ თავთანაც მართალი ვარ, ჩემს მაესტროელ მეგობრებსა და მაყურებელთანაც. რაც შეეხება სამსახურის დაკარგვას, ჩემთვის ეს არასდროს ყოფილა პრობლემა - ბევრჯერ დავრჩენილვარ ცხოვრებაში სამსახურის გარეშე და შეჩვეულიც ვარ, ისევე, როგორც ჩემი ბევრი კოლეგა. 
ps
ეს ყველაფერი ძალიან ლოკალურ ჭრილში მოვყევი. ანუ ვთქვი ის, რაც კონკრეტულად მე მეხებოდა, მაგრამ თუ მედიაში მომხდარ ყველა ბოლოდროინდელ მოვლენას ერთმანეთს დაუკავშირებთ, სავარაუდოდ უფრო ფართო მოზაიკას დაინახავთ",-წერს ვახო სანაია

ამავე თემაზე