2014-09-20 11:45:11
ირაკლი ღარიბაშვილის ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტი მთელი რეგიონის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართული ფორუმის მონაწილეებს. 
მთავრობის მეთაურმა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. 
„ჩვენ უკვე ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი და ბაქო-თბილისი-ერზერუმი. ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტი მთელი რეგიონის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის და ევროპას კასპიის ზღვის რესურსებზე ხელმისაწვდომობას მისცემს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო არის სტაბილური პარტნიორი რეგიონში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის განვითარება მნიშვნელოვნად ამაღლებს საქართველოს, როგორც კასპიის რესურსების სატრანზიტო სახელმწიფოს როლს, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის, ენერგეტიკული და პოლიტიკური უსაფრთხოების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებით ბაქოში შეკრებილ მაღალი რანგის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა

ამავე თემაზე