2014-08-06 14:27:54
6 წელი აგვისტოს ომიდან-ფოტორეპორტაჟი

6 წელი აგვისტოს ომიდან. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე. 31 მაისს რუსეთმა, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაასრულა. გამწვავდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლების დაბომბვა თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა. 8 აგვისტოს, დაახლოებით 00.30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰარეო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პროტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები