2014-08-01 00:17:58
ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მოწმედ გამოვიდეს.

„მიხეილ სააკაშვილი ბავშვობიდან იყო დაკომპლექსებული და ამიტომაც დააპატიმრა მთელი კლასი, სადაც ის სწავლობდა. ვერასოდეს ვერ იტანდა ადამიანებს, რომლებიც წინ მიდიოდნენ, რაღაცით მას სჯობდნენ. მოწაფეობის პერიოდში ყოველთვის გარიყული იყო ჩამშვები ბუნების გამო და როგორც კი პრეზიდენტი გახდა, თავისი კლასელები ციხეში გამოკეტა. მათ შორის იყო ჩემი ყოფილი მეუღლე ნუკრი ჩაგანავა, რომელიც დიღმის მიწებთან დაკავშირებით დაიჭირა და მისმა ხელქვეითებმა ისე სცემეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. თავიდან თითქოს მეგობრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიშამ ყველას ჩაშვება დაიწყო, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნუკრის ქონება ჩამოართვა პირადად ვანო მერაბიშვილმა. როცა წაიყვანეს, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მე მაშინვე ვიცოდი, რომ სააკაშვილი შურს იძიებდა და ეს გააკეთა კიდეც. ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ რა მეთოდიც ამათ ირინა ენუქიძის წინააღმდეგ გამოიყენეს, იგივე გამოიყენეს ჩემი მეუღლის წინააღმდეგაც. თუ ზოგიერთს ქუჩაში ცხრილავდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფარულად შხამს ასმევდნენ და ნელი მოქმედებით კლავდნენ. ჩემი ქმარი არც ქუჩის ბიჭი იყო და არც ისეთი ტიპი, რომ რაღაცა მოეწყოთ, სერიოზული ბიზნესი ჰქონდა. ასეთების მოსასპობად სააკაშვილი და მისი ხელქვეითები იყენებდნენ საწამლავს.

თუ გახსოვს, მიშა სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო დიღმის მიწებით. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მე ამ ადამიანთან სხვა პრეტენზიებიც მაქვს. დიღმის მიწების საქმეზე სხვა ბიჭებიც დაიჭირეს, ჩემი მეუღლის გარდა, კიდევ ერთი გარდაიცვალა. 2004 წელს მე მივედი გიული ალასანიასთან და ყველაფერი მოვუყევი. სააკაშვილის სახელმწიფოებრივი დანაშაული იწყება 2004 წლიდან, როცა ქართლის სოფლებში ბიჭები შეკრიბა და ცხინვალში შეიყვანა. 50 ბიჭი ოსებმა ტყვედ აიყვანეს და ალბათ გახსოვს, დააჩოქეს. მათი გადმოცემის პროცესს ვესწრებოდი, ძალიან იყვნენ ნაცემები, როდესაც „სამშვიდობოს“ გადმოვიდნენ, ახლა ამათ დაუწყეს ცემა. ეს იყო საზარელი სანახაობა. რა უნდა ექნათ ამ ბიჭებს, რომლებსაც თოხები გაააგდებინეს ხელიდან და საომრად წაიყვანეს? მე თანახმა ვარ, ამ საკითხზე პროკურატურასთან ვითანამშრომლო, იქ ბევრი დაიღუპა და მერე მათი პატრონები გააჩუმეს. ამ ე.წ. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი თათუხაშვილი. ეს ადამიანი მაშინ გავიცანი. ამიტომაც მოიშორეს, თორემ რაც მაშინ სააკაშვილმა ჩაიდინა, მოგვიანებით მაინც „გასკდებოდა“. ახლა მე გამოვალ მთავარ მოწმედ ამ საკითხზე, 50 ადამიანი აქეთ გადმოიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ სოფელ ვარიანში, ტყვედ რატომ ჩავარდითო? კოკოითიმ შემომითვალა, ამ ბიჭებს არ დაგიხოცავთ, მშობლები ჩამოვიდნენ და მათ გამოვატანთო. ასეც მოხდა, მშობლებს გამოატანეს ბავშვები, კოკოითიმაც კი ვერ დახოცა, შეეცოდა და დაინდო. როცა ბიჭებმა ერთ-ერთი სიმაღლე დაიკავეს და იარაღის ყუთები გახსნეს, შიგ „ლიმონკების“ ნაცვლად აღმოჩნდა რიყის ქვები. მაშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო. ახლა „ნაციონალები“ იძახიან, ძალიან მალე მოვალთ ხელისუფლებაშიო, ესენი ძალიან მალე მივლენ ციხეში. დაუკვირდი, „ნაციონალების“ ყველა გამოსვლა მთავრდება „მაიდნის“ ხსენებით. ესენი ამას ვერ გააკეთებენ, თუ შეეცდებიან, თვითონვე დააჩქარებენ საკუთარი სამარის გათხრას, მაგრამ ქვეყანაში რაღაც პროვოკაციების მოწყობა კი შეუძლიათ. როდესაც სააკაშვილი ციხიდან პედოფილებს, მკვლელებს და მანიაკებს უშვებდა, ეს არ არის დანაშაული?“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ „ალიასთან“ ინტერვიუში.

ამავე თემაზე