2024-12-16 13:17:19
ის, რაც აქსოტრეტის მიღებამდე უნდა იცოდე — მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკნეს სამკურნალო პრეპარატზე

აქსოტრეტი პოპულარული და ეფექტიანი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მძიმე ტიპის აკნეს (მაგალითად: კვანძოვანი ან კონგლობატური აკნე ან მუდმივი ნაწიბურების განვითარების რისკის მქონე აკნე) სამკურნალოდ.

პრეპარატს გააჩნია საკმაოდ სერიოზული გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები, ამიტომ საჭიროა მკურნალობა ჩატარდეს გამოცდილი დერმატოლოგის მეთვალყურეობით.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ აქსოტრეტის ჩვენებები, გვერდითი მოვლენები და ყველა ის საფრთხე, რაც შესაძლოა წამლის მიღებას მოჰყვეს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს აქსოტრეტის მიღებას და როგორია მათი სიხშირე?

აქსოტრეტის მიღებას შესაძლოა მოჰყვეს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ასევე, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ძალიან ხშირად, ზოგიერთი კი ძალზედ იშვიათად ვითარდება. ქვემოთ წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს, განვითარების სიხშირის მიხედვით.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენებია: სისხლის დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის სხვადასხვა უჯრედზე; თვალის (კონიუნქტივიტი) და ქუთუთოების (ბლეფარიტი) ანთება, თვალის სიმშრალე და გაღიზიანება; კანის გამოშრობა, განსაკუთრებით ტუჩებისა და სახის გარშემო; წელის ტკივილი (მიალგია და ართრალგია); ღვიძლის ფერმენტების მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირება;

ხშირი გვერდითი მოვლენებია: ნეიტროპენია (ინფექციებთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სისხლის თეთრი უჯრედების — გრანულოციტების რაოდენობის შემცირება); თავის ტკივილი; ცხვირის სიმშრალე, ცხვირიდან სისხლდენა და ნაზოფარინგიტი; სისხლში ქოლესტერინის მომატება, სისხლში გლუკოზის მომატება; ჰემატურია, პროტეინურია.

იშვიათი გვერდითი მოვლენებია: დეპრესია ან მასთან დაკავშირებული დარღვევები; დეპრესიის გამწვავება; ძალადობისა და აგრესიისკენ მიდრეკილება; კანის ალერგიული რეაქცია, როგორიცაა: გამონაყარი და ქავილი; ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა. მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გულ-მკერდში მოჭერის შეგრძნების ან სუნთქვის გაძნელების სახით; თმის ცვენა;

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია: თვითდასახიჩრების ან სუიციდური აზრები; მოულოდნელი ქცევა; რეალობასთან კავშირის დაკარგვა; კრუნჩხვები, ძილიანობა, თავბრუსხვევა; ვასკულიტი; ლიმფადენოპათია; კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის შემთხვევები; მხედველობისა და სმენის პრობლემები; კუჭ-ნაწლავის მძიმე დარღვევები (მაგ.: პანკრეატიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, დივერტიკულიტი, ილეიტი, კოლიტი); თირკმლის ანთება; დიაბეტი; სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია); ჭარბი ოფლიანობა; ბრონქოსპაზმი; აკნეს სიმპტომების გაუარესება; ართრიტი, ძვლის დარღვევები; ღვიძლის მძიმე პრობლემები (ჰეპატიტი).

უცნობია აქსოტრეტის მიღების დროს კანის მძიმე რეაქციების, სტივენ ჯონსონის სინდრომის, ანთების ან წყლულების განვითარების სიხშირე.

ფსიქიკური პრობლემების რისკი — პრეპარატის ყველაზე საყურადღებო გვერდითი მოვლენა

ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით საყურადღებო და საფრთხილოა, ამიტომ მათ შესახებ სასურველია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ პაციენტებს.

ამ ქვეთავში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც  ფსიქიკურ მდგრადობას უკავშირდება.

დეპრესია, აგრესიული მიდრეკილებები ან განწყობის ცვლილებები, საკუთარი თავის დაზიანების და სუიციდური აზრები. თუ ოდესმე გქონიათ ამგვარი ფსიქიკური პრობლემები, მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან აქსოტრეტის მიღებამ შესაძლოა გაამძაფროს ეს ყველაფერი, ან გამოიწვიოს ყველა ეს პრობლემა.

ამიტომ თუ მკურნალობის პერიოდში დაფიქსირდა გუნება-განწყობის ნებისმიერი სახის ცვლილება, უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება და მკურნალ ექიმს აცნობოთ.

სიფრთხილის დამატებითი ზომები

აქსოტრეტის მკურნალობის მიმდინარეობისას და მისი შეწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში დაუშვებელია სისხლის დონაცია.

მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს კანის ან ტუჩების სიმშრალე, ან ორივე ერთად. ამიტომ გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი მალამო ან კრემი და ტუჩების ბალზამი.

ალერგიული რეაქციის (კანის სიწითლე, ქავილი) ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად.

რეტინოიდის შემცველობის გამო, თქვენი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის გამოსხივების მიმართ, ამიტომ მოერიდეთ მზეს ან გამოიყენეთ მზისგან დამცავი პროდუქტები.

აქსოტრეტით მკურნალობის დროს და თერაპიის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში არ ჩაიტაროთ კანის კოსმეტიკური პროცედურები, მათ შორის ლაზერული პროცედურები, რადგან შესაძლოა ნაწიბურების განვითარების რისკის წინაშე დადგეთ.

აქსოტრეტით მკურნალობის დროს არ უნდა გამოიყენოთ A ვიტამინის ან ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატები, რადგან ეს გაზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

არ მიიღოთ პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან ორსულობისას მისი მიღება იწვევს ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევებს, ხოლო ლაქტაციის დროს პრეპარატს შეუძლია გადავიდეს დედის რძეში და ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

ამავე თემაზე