"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, დღეს 18:00 საათიდან ჩაინიშნა საოლქო საარჩევნო კომისიებში მათი საჩივრების განხილვა ხმის ფარულობასთან დაკავშირებით.
საიამ უკვე წარუდგინა კომისიებს საჩივრები, რომლითაც ითხოვს იმ 2,263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.
"ჩვენი იურისტები მზად არიან მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.
პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში ვიდავებთ , ხოლო შემდეგ საქმე საერთო სასამართლოებში გადავა. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე." აცხადებენ საიაში.