ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა:
"უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი - რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს - არჩევნების შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი.” - განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ აღიარა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი და ამით დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს.