2024-04-02 15:59:54
„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რომ არა, საქართველო იქნებოდა კოშმარში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაწირა მოქალაქეები - თალაკვაძე 

რომ არა “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციას, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და მოუწოდა, თავი დაანებონ პოპულიზმს, დაესწრონ სხდომებს და უფრო მეტად ჩაერთონ დებატებში, სადაც კიდევ უფრო მეტ არგუმენტს მოისმენენ.

,,თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაფორმდა ევროკავშირთან - მხოლოდ ამ ხელშეკრულებით მაგალითად შარშან საქართველომ მიიღო 700 მილიონი ევროს შემოსავალი ექსპორტის შედეგად. ჩვენმა მოქალაქეებმა, ფერმერებმა გაიტანეს თავისი პროდუქცია ექსპორტზე ევროპულ ბაზარზე. ესეც შემოსავალია თითოეულ ოჯახში და პირდაპირ შინამეურნეობებში იყო მიმართული. დღეს თქვენ საუბრობდით, თითქოს მოქალაქეები გაწირეთო. მე გეტყვით სინამდვილეში მოქალაქეები როგორ გაწირეთ თქვენ. ჯერ ერთი, ემიგრაციის რეკორდი თქვენ გეკუთვნით, და აქ რამდენჯერ საუბრობთ და იტყუებით, თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი, თან მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს და უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა ორ-სამჯერ მეტი ადამიანი დატოვებდა ქვეყანას თქვენი ხელისუფლების პირობებში. მოქალაქეები გაწირეთ თქვენ, როდესაც 300 000 ადამიანი გაატარეთ პენიტენციური სისტემის უმძიმეს ტერორში და დღესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია, ნორმალურად შეასრულოს თავისი სოციალური თუ ეკონომიკური ფუნქცია იმიტომ, რომ დაუზიანეთ ჯანმრთელობა და ფსიქიკა. თქვენ გაწირეთ ჯარისკაცები, როდესაც მიატოვეთ ისინი ბრძოლის ველზე. თქვენ გაწირეთ პენსიონერები, როდესაც “ღიმილიან საქართველოს პროგრამაში” გყავდათ ჩართული. თქვენ გაწირეთ პაციენტები, როდესაც ჯანდაცვა გადააქციეთ ბიზნესად. თქვენ გაწირეთ ჟურნალისტები, როდესაც რეიდები ჩაატარეთ და დააპატიმრეთ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ქვეყანაში. თქვენ გაწირეთ მოქალაქეები და რომ არა “ქართული ოცნება”, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო. ამიტომ, პოპულიზმს დაანებეთ თავი, დარბაზში დასწრება მოინდომეთ უფრო მეტად და ჩაერთეთ დებატებში, სადაც კიდევ უფრო მეტ არგუმენტებს მოისმენთ. საქართველოს დღეს აქვს დაცული მშვიდობა, აქვს ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაშინ, როდესაც თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

ამავე თემაზე