სახელმწიფოს ყოფილი მეთაური არ უნდა იჯდეს ციხეში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მისი ბედი პოლიტიკურ გათვლებზეა დამოკიდებული - აღნიშნავს ფორმულასთან წერილობით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი, ნატალი ლუაზო.
ლუაზომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილით მიმართა და მესამე პრეზიდენტის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა.
"ევროპული გზის არჩევა ნიშნავს ევროპული ღირებულებების არჩევას. ამიტომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება თანმიმდევრულობის საკითხია. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური არ უნდა იჯდეს ციხეში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მისი ბედი პოლიტიკურ გათვლებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო.
ექიმებმა, რომლებმაც ის მოინახულეს, მისცეს ჩვენება და არსებობს შეშფოთების მიზეზი. ვითარების გამოსწორების კარგი გზა იქნებოდა, მას მიეცეს საქართველოს დატოვების და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება. საქართველო არ არის რუსეთი. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ახლა, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ პუტინის რეჟიმი მზად არის გამოიყენოს ყველაზე ცუდი საშუალებები განსხვავებული ხმების ჩასახშობად, ჩვენ ველით, რომ საქართველო მისი გაცხადებული ევროპული არჩევანის დემონსტრირებას მოახდენს", - აცხადებს ლუაზო.