2023-11-20 18:23:29
დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო,გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა"- ნათქვამია განცხადებაში.

19 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მათი განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ამასთან, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  

ამავე თემაზე