2022-08-01 17:55:40
ვაპირებთ მივმართოთ შვეიცარიის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს - იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი"

იურიდიული ფირმა, „ემ ქეი დი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ფირმა აპირებს კრედიტ სუისთან დაკავშირებულ დავაზე შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს მიმართოს.

"ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს - ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, „კრედიტ სუისთან“ საქმიან ურთიერთობაში შესვლას", - წერია განცხადებაში. 

ამავე თემაზე