2022-07-01 15:52:55
ეს იყო პროვოცირებული და დაგეგმილი აქცია და უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფა, რომელმაც შეიძლება, ადამიანი წყობიდან გამოიყვანოს – ვოლსკი

პრეტენზიების წამოწევა მხოლოდ ერთი მხარის მიმართ უსამართლობის განცდას დატოვებს, თუ გინდ, ეს ინციდენტი ამერიკის ტერიტორიაზე მომხდარიყო, გინდ სხვაგან – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე და არც სხვაგან გამართლებული არ არის ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება. საინტერესო იქნებოდა, თავად წერეთლის განმარტებები, თუმცა მისი ტყუილი იმის თაობაზე, რომ ოთხი დეპუტატი თავს დაესხა გაუმართლებლად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ეს მიუთითებს იმაზე, სად მიდის ამ პროვოკაციის ფესვები. მაინც ვფიქრობ, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მხრიდან ეს იყო პროვოცირებული და დაგეგმილი აქცია და ზღვარგადასული, უტიფარი და უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფა, რომელმაც შეიძლება, ადამიანი წყობიდან გამოიყვანოს.

ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა გამოიყენა, სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს, რადგან მაშინ, მეორე ვარიანტია – საცოდავი ვატო წერეთელი იდგა და თავს დაესხნენ. მან თავი საცოდავად, გალახულად და დაჩაგრულად წარმოაჩინა. ანრი ოხანაშვილს უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო დონის მეცნიერის, მეოჯახისა და წყნარი ადამიანის წყობიდან ასე გამოყვანა შეუძლებელი იქნებოდა. რა საკვირველია, ცუდი ინციდენტია და სჯობდა, არ მომხდარიყო, მაგრამ ასეთი ვითარების არსებობაში ვატო წერეთელმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრეტენზიების წამოწევა მხოლოდ ერთი მხარის მიმართ უსამართლობის განცდას დატოვებს, თუ გინდ, ეს ინციდენტი ამერიკის ტერიტორიაზე მომხდარიყო, გინდ სხვაგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე