2022-06-30 18:44:21
საჯარო სივრცეში სასულიერო პირების შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ვატიკანში მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლის შესახებ სასულიერო პირების ქადაგებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

26 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40-მა მგალობელმა სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით სიქსტეს კაპელაში იგალობა. 

საპატრიარქოს განცხადება: 

"ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელე-არხზე გასული ერთ-ერთი გადაცემა, - შექმნა გარკვეული დაძაბულობა. 

მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით.

ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.

უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი პოლემიკა საჭიროა წარიმართოს საეკლესიო წესებისა და პროცედურების დაცვით, ხოლო საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია, განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი ქმედება სასულიერო პირთა მხრიდან.

ნუ დაარღვევთ მაცხოვრის მცნებას, რომელიც ჯერ ურთიერთ შორის საუბარს ითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ უმაღლეს საეკლსიო ინსტანციაში გადატანას (მათ.18.15). 

მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ" - აცხადებს საპატრიარქო. 

27 ივნისს ქაადგებისას ამ საკითხთან დაკავშირებით მამა დავით ნოზაძემ თქვა, რომ "ვატიკანში და პაპის წინ გალობა არის ცოდვა".

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ რომში ყოფნისას ქართველებისგან მოისმინა ხუმრობა: "ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს". 

ამავე თემაზე