2022-06-28 18:25:34
ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკარინისთვის, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა დროა, ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ - დეგნანი

ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკარინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. მედიისთვის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის.

მე მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხი განეხილათ ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ რუსეთს ასარგებლებს. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკარინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ“,- განაცხადა კელი დეგნანმა. 

ამავე თემაზე