
როდესაც ის დამატებით მალავს ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ შეიძლება პირდაპირი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
"ხოშტარია ტყუილს ტყუილზე ამატებს. ის, რომ მისი ფინანსები გამჭვირვალეა, არის აბსოლუტური ტყუილი. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ეს არის კერძო ინფორმაცია, რომელიც ხოშტარიამ უნდა გაასაჯაროოს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მალავს. საინტერესოა, რატომ არის ამხელა სხვაობა თანხის მიზნობრიობასა და მოცულობას შორის, გარდა ამისა, რატომ არის თანხები შემოსული ფედერალური ბიუჯეტიდან და ისეთი საეჭვო წყაროებიდან, რაც ნომენკლატურას უკავშირდება. მთელი ამ წლების განმავლობაში ხოშტარია ახორციელებდა ისეთ პროვოკაციებს, რომელიც აძლევდა ხელს რუსულ ინტერესებს საქართველოში, როდესაც ის დამატებით მალავს ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ შეიძლება პირდაპირი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
