2022-06-20 14:18:45
კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

მედიის ინფორმაციით, კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა. ამჟამინდელმა სენატორმა არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე სამშენებლო მაგნატი, როდოლფო ერნანდესი დაამარცხა.

არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ გუსტავო პეტრომ მიიღო ხმების 50.5 პროცენტი, დაამარცხა მეტოქე 700 000-ზე მეტი ხმით და გახდა კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი.

პარტიზანული მოძრაობის „ემ-19“-ის ყოფილმა წევრმა, გუსტავო პეტრომ საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ უფასო საუნივერსიტეტო განათლებით, საპენსიო რეფორმით და არაპროდუქტიულ მიწაზე მაღალი გადასახადების დაწესებით უთანასწორობას შეებრძოლება.

პეტრომ ასევე პირობა დადო, რომ სრულად განახორციელებს 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 50-წლიანი კონფლიქტი კომუნისტურ პარტიზანულ ჯგუფთან, „ფარკ“-სთან, და შეეცდება მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქტიურ მარქსისტ-ლენინური დაჯგუფების, „ეროვნული განთავისუფლების არმიის“ მეამბოხეებთან.

ამავე თემაზე