2022-06-10 14:38:06
ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ომის გაგრძელებაზე უარს ამბობენ ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც დაკომპლექტებული არიან დონბასის მცხოვრებლებისგან.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებით არსებულ მდგომარეობას, როგორც უკრაინის გენშტაბში ამბობენ, სევერსკის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები რუსეთის მხრიდან არ ჩატარებულა, თუმცა, რუსი სამხედროები განაგრძობენ დასახლებული პუნქტების მიმართ ცეცხლის გახსნას.

ამასთან, როგრც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსები კვლავაც უშედეგოდ ცდილობენ ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას.

ბახმუტის მიმართულებით რუსებმა ავიაციის მხარდაჭერით სცადეს ნირკოვოესა და ნიკოლაევკას დასახლებული პუნქტების შტურმი, თუმცა უკრაინელებმა მათ უკან დაახევინეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ვოზდვიჟენკას მიმართულებით რუსეთის არმიას გარკვეული წარმატება ჰქონდა და ახლა ამაგრებენ ახალდაკავებულ პოზიციებს. ავდეევკის, კურახოვის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსეთის არმია კვლავაც უხსნის ცეცხლს უკრაინელების პოზიციას, მათი შეკავების მიზნით. რაც შეეხება იუჟნობუჟსკის მიმართულებას, რუსები აქ თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ. შეინიშნება დამატებითი ძალების მობილიზაცია და უკვე დაკავებული პოზიციების გამაგრების მცდელობა“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

ამავე თემაზე