2022-06-09 14:30:56
3+3 ფორმატი უახლოეს მომავალში ჩატარდება, მოხარული ვიქნებით საქართველოს მონაწილეობით - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავაშოღლუსთან პრესკონფერენციის დროს 3+3 ფორმატის ახალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ ამჯერად საქართველოც მიიღებს მასში მონაწილეობას.

"შევთანხმდით, თუ როგორ გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიაზე მუშაობა. ცნობილია, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა "3+3" ფორმატი. [...] პირველი შეხვედრა მოსკოვში ჩავატარეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მომდევნო შეხვედრა მზადდება, უახლოეს მომავალში, ველი, რომ შევძლებთ მის გამოცხადებას". – თქვა ლავროვმა.

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გასული წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.  

ამავე თემაზე