2022-06-07 11:07:14
შეხვედრები ხელოვანებთან თიბისი კონცეპტის სივრცეში

თიბისი კონცეპტის სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში, ორ გამოფენას უმასპინძლა. ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის გამოფენა „მთის მიღმა“ 7 მაისს, ხოლო ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი“ 10 მაისს გაიხსნა.

ვახო ხეთაგური - დაიბადა 1989 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2012 წელს სწავლობდა გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლაში, 2013-2014 წლებში გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. მუშაობს პერსონალურ პროექტებზე და თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვახოს პირველი გრძელვადიანი პროექტი არის “ცხოვრება რელსებზე”, რომელზეც დღემდე აგრძელებს მუშაობას.

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.  მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე,  აღქმასა და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს - როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

გამოფენების ჭრილში გაიმართა საინტერესო შეხვედრები. 2 ივნისს, ვახო ხეთაგურთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და „ქოლგა თბილისი ფოტო“-ს დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა. საუბარი შეეხო  ვახოს შემოქმედებას და გამოფენის ირგვლივ დისკუსიას. 3 ივნისს, თიბისი კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან. ირინა პოპიაშვილი, კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე ისაუბრეს სანდროს  შემოქმედებასა და გამოფენაზე „გარე თვალით დამკვირვებელი“.

ამავე თემაზე