2022-06-03 14:45:25
უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს სასამართლო და ნდობა მის მიმართ - შვედეთის ელჩი

ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა, რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის. როდესაც ვუყურებთ პროცედურას, კრიტერიუმებს და ევროინტეგრაციის ისტორიას, ჩვენ ვიცით, როგორც ფაქტი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ინიციატივის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ახლა პირველი ნაბიჯის სახით ელოდება ევროკომისიის მოსაზრებას ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

„ჩვენ ველით დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს მე არ დავიწყებ სპეკულაციას შედეგთან დაკავშირებით და არ გავაკეთებ რაიმე სახის ნაადრევ კომენტარებს. ჩვენ ახლა პირველი ნაბიჯის სახით ველით ევროკომისიის მოსაზრებას. მე ვიტყოდი, უფრო ზოგადი ბუნების სამ რამეს. პირველი, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი. ეს არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი. მე დღეს ვატარებ ჰალსტუხს, რომელიც მივიღე 2015 წელს ლატვიისგან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისგან. ლატვიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ეს იყო 1995 წელს. მათ პირველი მოსაზრება ევროკომისიისგან ორი წლის შემდეგ მიიღეს და ევროკომისიისგან შემდგომი მოსაზრება უკვე 1999 წელს. მათ მოლაპარაკებები დაიწყეს 2000 წელს და ევროკავშირის წევრები გახდნენ 2004 წელს. ასე რომ, როდესაც ვუყურებთ პროცედურას, კრიტერიუმებს და ევროინტეგრაციის ისტორიას, ჩვენ ვიცით, როგორც ფაქტი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ულრიკ ტიდესტრომმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე საკითხია, რას გააკეთებს საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში.

„მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს. ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. მეორე, არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით.

ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ეს არა მხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, არამედ აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის. მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, რადგან რეფორმები, რეფორმები, რეფორმები არის გზა ევროპისკენ. ბოლო აქცენტი, რომელიც მსურს გავაკეთო, არის ის, რომ ამ გრძელვადიან პროცესში საქართველოს შეუძლია შვედეთის იმედი ჰქონდეს. უკვე ამ დროისთვის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ერთი მილიარდი ქართული ლარის ინვესტიცია რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ჩვენი განზრახვაა, გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა. 

ამავე თემაზე