2022-06-02 13:30:20
პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა განმარტავს, რომ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ამავე თემაზე