2022-05-26 10:09:03
რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ვიღაც მაინც ამბობს: გავითვალისწინოთ მისი ინტერესები - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის სისასტიკის მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ ჟღერდება ის აზრი, რომ ოკუპანტის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს. აღნიშნული განცხადებით ზელენსკი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიების ნაწილი, რათა მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან.

"რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, არის ვიღაც, ვინც ამბობს: გავითვალისწინოთ მისი ინტერესები. წელს დავოსში ეს კვლავ გაჟღერდა.  მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა. მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა. მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა. მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა და მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული ე.წ ფილტრაციის ბანაკებისა, სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ ისე, როგორც კონვეერში. რუსეთმა ეს ყველაფერი ჩაიდინა ევროპაში. თუმცა, დავოსში, მაგალითად ბატონი კისინჯერი გამოდის და ამბობს, რომ საჭიროა, რუსეთს უკრაინის ნაწილი გადავცეთ, რათა არ მოხდეს რუსეთის გაუცხოება ევროპისგან", - თქვა ზელენსკიმ. 

ამავე თემაზე