2022-05-24 19:50:06
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, ლ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 23 მაისს ქ.თბილისში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე