2022-01-21 11:20:27
მოვიდნენ ჩვენს მოდუსში და ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ – ბოკერია ენმ-ზე

მოვიდნენ ჩვენს მოდუსში, ჯობია გვიან, ვიდრე უფრო გვიან და ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ – ასე პასუხობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში კითხვას, აპირებს თუ არა საუბარს და კოორდინაციას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. 

"თუ საჭირო იქნება, ევროპული საქართველო მოწადინებული კი არა, ინიციატორები ვართ ხოლმე ოპოზიციასთან კომუნიკაციის. ოღონდ, ეს კომუნიკაცია თვითმიზნური არ უნდა იყოს, დროშის ქნევა, რომ ერთად ვართ, როცა რეალურად არ ხარ ბევრ რამეში ერთად და როცა მომენტუმიც არ არის ამის. როცა ხედავ რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნაწილი, უბრალოდ დაკავებულია უბრალოდ ხარკის გადახდით რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გაბრაზებულები არაინ და უნდათ რომ მოისმინონ, რომ აი, ივანიშვილს ზეგვე დავამთავრებთ. მერე სხვა გზავნილი აქვთ და შეიძლება ზეგ ისევ გადათქვან და როცა ჩვენ ამას დავუპირისპირდებით, მერე ტალახს ისვრიან ხოლმე. ამიტომ ახლა, როცა სხვა მოდუსში არიან, საუბარი არაფერს მოგვიტანს. ჩვენ ახლა დაკავებულები უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი ბაზის გაზრდით. 

მოვიდნენ ჩვენს მოდუსში, ჯობია გვიან, ვიდრე უფრო გვიან, წინა კოორდინაციისა არ იყოს, რომ აღიარებენ ხოლმე, რომ მართლები ვიყავით, ეგ საქმეს არ შველის. მოვიდნენ და ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ დროს არ მოგვერიდება კი არა, აუცილებლობად ვთვლით, რომ ხალხს გავაგებინოთ, თუ რა არის არასწორი დიდი ოპოზიციური პარტიის ქმედებაში და სხვების, იმიტომ რომ ეს საზოგადოების დისკუსიის მნიშვნელოვანი საკითხია. ევროპული საქართველოს მიზანია, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს და ახალ პოპულისტებს არ მიეცეთ გასაქანი." – აცხადებს ბოკერია. 

ამავე თემაზე