რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები და მტკიცე გახდნენ –განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რიგაში, მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
"მოკავშირეები ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მათი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს. ვთავაზობთ საზღვაო მხარდაჭერას და ვუზიარებთ ინფორმაციას". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის მეტად გაძლიერებისთვის რეფორმების გატარება გადამწყვეტია.
"შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ რეფორმების განხორციელების კუთხით წინსვლის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაციის გაგრძელების მნიშვნელობა. ეს რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები და მტკიცე გახდნენ". - ამბობს იენს სტოლტენბერგი.