2021-10-13 19:24:37
იმედი მაქვს, სააკაშვილი გამოვა ციხიდან და ხელისუფლებები გამონახავენ საერთო ენას – მეუფე ნიკოლოზი

დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ციხეში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

"ვერ გეტყვით, როგორ გრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი, მე როგორიც ვნახე, ის ჩვეულებრივ გამოიყურებოდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო დგას დიდი გამოწვევის წინაშე. აქედან გამოსავალი არის ის, რომ შევწყვიტოთ ერთმანეთთან სიძულვილის ენით საუბარი, ეს ვუთხარი სააკაშვილსაც, რომ თავის მომხრეებს ამის შესახებ მოუწოდოს, ეს შესაძლებელია, ტელევიზიებმაც მოუწოდონ, რომ დავიწყოთ შერიგებაზე საუბარი. ქრისტიანულ მიტევებაზე. ერთმანეთისთვის მისატევებელი ბევრი გვაქვს. ეს ყველაფერი კომუნისტების დროიდან დაიწყო, მერე იყო პირველი პრეზიდენტი, ძნელი 90-იანი წლები და ბევრი სხვა რამ. 

დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და დღეს რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორც სააკაშვილს ვუთხარი, უნდა შევურიგდეთ აფხაზ და ოს ძმებს, იქ ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენი და მათი მხრიდანაც.

მე ბატონ მიხეილს ვთხოვე და თავის მიმართვაში ჩაწერა, და თქვენს მოგოწოდებთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ. 

ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა უამრავი დანაშაულია ჩადენილი, ისეთი დანაშაულები, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, ამიტომაც უნდა ვთხოვოთ ყველამ ერთმანეთს მიტევება და შენდობა. ეს ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს და გეუბნებით თქვენც - განუცხადა სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე