2021-10-13 17:08:52
„საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე“ – ხოშტარია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ხმის დაცვა და ზოგადად, პრინციპის დაცვა, რომ არჩევნების გაყალბება არ არის და ვერ იქნება ნორმა ჩვენს ქვეყანაში – ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

დროას” გუნდი აგრძელებს ხმების დაცვისთვის ბრძოლას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ “დროას” ამომრჩევლების ხმებისთვის ბრძოლა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ხმის დაცვა და ზოგადად, პრინციპის დაცვა, რომ არჩევნების გაყალბება არ არის და ვერ იქნება ნორმა ჩვენს ქვეყანაში.

“ქართული ოცნება” შეგუებულია იმას, რომ ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე ცოტა ხანს ვსაუბრობთ, მერე კი ვივიწყებთ ხოლმე ამ საკითხს. მინდა, პირობა დავდო ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და გავივლით ყველა სტადიას. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად როგორ გაფორმდება თბილისის საკრებულო ახლანდელი ხმებისთვის ბრძოლა, ეს არის ასევე მეორე ტურისთვის მზადება, სადაც ჩვენ, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილი უბნებზე და არ მივცემთ გამყალბებელ კომისიებს წევრებს ხმების მოპარვის საშუალებას.

მოკლედ გეტყვით, რა სტადიები გავიარეთ. გავასაჩივრეთ 184 უბანი, რომლებშიც მკაფიოდ იყო დასაბუთებული, როგორც ბიულეტენების მასობრივი დაკარგვის მაგალითები, ასევე ოქმების ხელით გადასწორების ფაქტებიც. მოვისმინეთ საოლქოს წევრების სრულიად უტიფარი განცხადებები, დავესწარით სხდომებს, სადაც არც კი ცდილობდნენ დაესაბუთებინათ რატომ არ უნდა გადაითვალოს მსგავსი უბნები. როდესაც ვთხოვდით ჩანაწერის გადახვევას, ამბობდნენ რომ ღმერთი უყურებს ამ პროცესს და რისთვისაა საჭირო ვიდეო.

შემდეგი ეტაპზე 184-ვე უბანი გავასაჩივრეთ სასამართლოში. ესეც, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა ფორმალური სტადია თავისი შინაარსით იმიტომ, რომ უსწრაფესად, ერთ დღეში, სასამართლომ ყველა უბნის გადათვლაზე თქვა უარი. უარი თქვეს 184-ვე უბნის გადათვლაზე სრულიად დაუსაბუთებლად.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ამ უტიფრობისა ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მირანდა მესხის ნაირი გამყალბებლები, უნდა გრძნობდნენ დისკომფორტს. მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ გაყალბება არის შეუმჩნეველი.

ჩვენი მთავარი პოლიტიკური და ტაქტიკური ამოცანა, სასამართლო სტადიების გავლის შემდეგ, სტრასბურგში საქმის წაღებაა. ეს უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე! საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც პრეცედენტი, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს სამომავლო გაყალბებებისგან. მეორე ტურისთვის გამყალბებლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა არის მოკლევადიანი მიზანი, ხოლო გრძელვადიანი ამოცანაა გაყალბება არ იყოს ამ ქვეყანაში ნორმა." – აცხადებს ხოშტარია.

ამავე თემაზე