2021-09-20 19:04:17
მედიის პოგრომი – მედიაკოალიციამ 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას სხვადასხვა ჭრილში აფასებს: გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები.

ანგარიშში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა, პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა და საერთაშორისო გამოხმაურებები. 

მედიაკოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

საქართველოს პარლამენტი

  • საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობა

  • საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას;
  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე და უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა და შემსრულებელ პირთა გამოვლენა;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • 5 ივლისის მასშტაბური ძალადობის გათვალისწინებით, სამართალდამცავი უწყებისათვის შექმნას სპეციალური ინსტრუქცია მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.
  • საქართველოს გენერალური პროკურატურა
  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე. პროკურატურამ უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენა. მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებთან დაკავშირებით;
  • ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის აღმკვეთი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოძიება, და შეისწავლოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. 

"მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით". - აცხადებს მედიაკოალიცია. 

მასში შემავალი ორგანიზაციები არიან: 

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი მედიაკლუბი მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფლებები საქართველო ღია საზოგადოების ფონდი
ამავე თემაზე