2021-09-17 13:47:47
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილს მიმართა კითხვით, რატომ იხილავენ დაჩქარებით მელიას განცხადებას და ხომ არ აპირებენ რიგგარეშე სესიის მოწვევას ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კომიტეტს მკაფიოდ განსაზღვრული აქვს რეგლამენტი აქვს და  საკითხის განხილვას კალენდარული გრაფიკით მიყვება.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთვება ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ტოვებს პარლამენტს.

„რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე – ნიკა მელია ვტოვებ პარლამენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე