2021-07-23 17:46:11
ამ შაბათ-კვირას, „TV პირველი“ მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავს - თალაკვაძე

ამ შაბათ-კვირას, „TV პირველი“ მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემს კოლეგებზე არაერთი დეზინფორმაციული სიუჟეტის შემდეგ, როგორც ჩანს ამ შაბათ-კვირას მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავენ. გუშინ, სახლში სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მოვიდნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტები და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ თითქოს გაგვძარცვეს და საყვედურით მეკითხებოდნენ - პოლიციას რატომ არ შეატყობინეო მშვიდად, აგრესიის გარეშე გავეცი პასუხები, ვუთხარი რომ ეს არის სიცრუე.

საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ მეთქვა თქვენთვის, რადგან თუ ასეთი ყალბი სიუჟეტი გავა, შესაძლოა ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს ამის გამო და ამბის საკითხავად დაგვიკავშირდეს. სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დეზინფორმაციაზე რეაგირება.

საკუთრივ მე, ასეთი ფეიკ-სიუჟეტები და დეზინფორმაცია ცნობილ „მოდელირებულ ქრონიკას“ მახსენებს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ, შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე, ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიით ომის სიმულაცია გააკეთეს და საზოგადოებას დიდი სტრესი და ზიანი მიაყენეს. აშკარაა, რომ ამ ადამიანების - პარტიული ბოსების თუ მედიამენეჯერების, ჟურნალისტებს ამოფარებული დამნაშავეების ხელში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. ჩემი საუკეთესო სურვილები და თანაგრძნობა რიგით ჟურნალისტებს, რომლებიც იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთა შეასრულონ და ყალბი სიუჟეტები მოამზადონ“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე