2021-04-08 18:49:21
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, ვანო ზანდარაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლომ, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე იმსჯელა. წინასასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დაკავებულმა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარემ კი მათი დაუშვებლობა მოითხოვა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით,საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 15 აპრილს, 15:00 საათზე დაინიშნა.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა და მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს გარდაცვლილი დირექტორის, ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრები, ბრალდებულისათვის ბრალის დამძიმებას ეთანხმებიან.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ქმედება 109- ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. ვეთანხმებით გამოძიებას, რომ ბრალი დაამძიმა და ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება“, – განაცხადა მოკლულის ბიძაშვილმა, აკა საჩიშვილმა.

საქმის ახალ კვალიფიკაციას ეთანხმება, მკვლელობის ერთ- ერთი მთავარი მოწმე, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილიც.

„გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რაც იქ მოხდა, ჩემს ჩვენებაში ეგ არის აღწერილი და რა ქმედებაც განხორციელდა, ზუსტად ისე დააკვალიფიცირა გამოძიებამ“, – განაცხადა ბერძენაშვილმა.

მკვლელობა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება 109-ე მუხლით გრძელდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ამავე თემაზე