2021-04-08 14:15:10
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას – ხელაშვილი 

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„ამითაა ძირითადად განპირობებული საერთაშორისო საზოგადოების საკმაოდ ფრთხილი შეფასებები და მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით. რადგან ნებისმიერმა არამოზომილმა ნაბიჯმა შეიძლება, ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა. შეყავს შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყირიმში და ამ ძალებს ასევე აგროვებს დიდი რაოდენობით უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ უნდა გამოვრიცხოთ მოვლენების ყველაზე უარესი განვითარება. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ვითარება აქამდე არ მივა. საქართველოს დამოკიდებულება ამ ინცინდენტების მიმართ, რაც უკრაინელი სამხედროების დაღუპვაში და უკრაინის წინააღმდეგ ჯარების მობილიზაციაში გამოიხატა, არის, რომ ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი. დიპლომატიურად, პოლიტიკურად და ნებისმიერი სხვა საშუალებით, რაც კი საერთაშორისო სამართლის ფარგლებშია, ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ.

რაც შეეხება დიპლატიურ განცხადებებს, ისინი კეთდება იმ საერთაშორისო მდგომარეობის მიხედვით, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დროისთვის. უკრაინასთან კომუნიკაცია მუდმივია და ჩვენ მუდმივად ვცვლით ინფორმაციას, მოსაზრებებს ამ კრიზისთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებებს, ეს არის ყველაზე მარტივი, რაც კი შეიძლება, სახელმწიფომ გააკეთოს ვითარების შესაბამისად. იმედი გვაქვს, რუსეთი თავს შეიკავებს ესკალაციისგან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ამავე თემაზე