2021-04-07 09:46:41
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა.

კომპანია „ფეისბუქის“ ცნობით, მარტში საქართველოდან წაიშალა „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 11 ანგარიში, რომლებიც მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე. აღნიშნული გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა.

"ადამიანები იყენებდნენ ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს, რათა დაეპოსტათ დაეკომენტარებინათ და ემართათ გვერდები და ჯგუფები. მათი ქსელის მიმართ მრავალი გაფრთხილება იყო გაკეთებული, რაც სიძულვილის ენას შეეხებოდა.

პირველ რიგში ისინი ფოკუსირებულები იყვნენ ქართულ მარშზე კონტენტის გაძლიერებაზე. მათი ქსელი პოსტავდა ახალ ამბებს ქართულ ენაზე, მათ შორის ამბები შეეხებოდა არჩევნებს, კოვიდპანდემიას და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკას.

ეს ქსელი მას შემდეგ ვიპოვეთ, რაც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის მკვლევარებმა ანგარიში გამოაქვეყნეს", - წერია განცხადებაში. 

მარტში კომპანია „ფეისბუქმა“ წაშალა ანგარიშები და გვერდები სულ 11 ქვეყნიდან, მათ შორის, ალბანეთიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და მექსიკიდან.

ამავე თემაზე