2021-04-05 09:47:43
დავაკავეთ პირი, რომელმაც სოფელ რიონში მისი ნათესავი ძმები სანადირო თოფით მოკლა – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ღ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს – 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ღ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე