2021-02-26 19:14:13
მინდა ოპტიმისტი ვიყო, უახლოეს კვირებში ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება – ვაშაძე

მინდა ოპტიმისტი ვიყო, უახლოეს კვირებში ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული ფლანგი, სადაც აქტიურ ქმედებებს ვახორციელებთ. ერთია - ქვეყნის შიგნით არაძალადობრივი პროტესტი და მეორე - საგარეო ასპარეზი. ვხედავთ, რომ თითქმის სრულად შეიცვალა ის გარემოებები და ყველა ნათლად ხედავს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა თავისი გადაწყვეტილებებით. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ნიკა მელიას დაკავებაზე, საუბარია ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ამიტომ, ვფიქრობ, და მინდა ოპტიმისტი ვიყო - უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება და ამის იმედი მაქვს.

ყველა დაიღალა ამ არეულობით. არც ევროკავშირისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სულ ერთი არ არის, თუ რა იქნება საქართველოში, როგორ წავა ეს ქვეყანა, ვინაიდან საქართველო არის ერთ-ერთი უკანასკნელი ფორპოსტი დღეის მდგომარეობით დემოკრატიული ევროპული განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძალიან მაგარი ზესახელმწიფოები გვიჭერენ მხარს. არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და განვითარების გზას უნდა დავადგეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე