2021-02-23 19:10:47
საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა დროთა განმავლობაში განსხვავებულ სახეს მიიღებს - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა დროთა განმავლობაში განსხვავებულ სახეს მიიღებს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია გარკვეულ მიზეზს იპოვიდა, რომ ხელოვნურად შექმნას ესკალაციის მაღალი მუხტი სახელმწიფოში და ადრე თუ გვიან, რაღაცა მიზეზით იგივე რეზულტატს აუცილებლად მივიღებდით, მე არ მგონია, რომ ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სამართლის აღსრულების მიმართულებით, რომ კრიტიკის საგნად უნდა ვაქციოთ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ეს რიტორიკა შეიცვლება, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები მეტ ინფორმაციას მიიღებენ:

"მოცემულობა და ვითარება ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ყველას დაინტერესებას იწვევს და პირველადი ემოციური შთაბეჭდილებები, რომელიც იბადება, გასაგებია, კარგი რომ არ არის და საქებარი სიტყვების მოსმენაზე რომ არ გვაქვს საუბარი, ეს იმთავითვე ცხადია, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ როდესაც მეტი ინფორმაცია იქნება მიწოდებული, მეტი დისკუსია გვექნება ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან, მე ვფიქრობ, ეს რიტორიკა დროთა განმავლობაში, განსხვავებულ სახეს მიიღებს.

დაისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ევროპულ ქვეყანაში გვინახავს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი ხვდებოდეს საპატიმროში, მაგრამ მათაც ვერ წარმოუდგენიათ რაც წინ უძღოდა. ის, რომ ყველაფერი გააკეთა თვითონ ნიკანორ მელიამ იმისთვის, რომ ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამავე თემაზე