2021-02-23 18:24:39
ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს – ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ღარიბაშვილზე

,,ღია საზოგადოების" ფონდის დირექტორი, ქეთი ხუციშვილი ,,ნაციანლური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას ამბობს რომ „დღეს ფაქტობრივად დავრწმუნდით იმაში, რომ საქართველოში რუსეთის გავლენები გაიზარდა“. ქეთი ხუციშვილმა მელიას დაკავებას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ხოლო პრემიერ ღარიბაშვილს „ეგზოკუტორი“, რომელიც „ბრძოლის ტერმინებით მოვიდა“. - ამის შესახებ მან ,,ტვ პირველის" ეთერში თქვა. 

„დღეს ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტო მოხდა. ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც უკვე გვიჩვენებდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს წარმართავდა, დღეს ომი გამოუცხადა ოპოზიციას და საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ერთიანად ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს. მე ვიტყოდი, რომ დღეს გადალახეს ძალიან ბევრი წითელი ხაზი – ეს იყო ძალადობრივი შევარდნა ოპოზიციის ოფისში, სადაც ყველა ოპოზიცiის ლიდერი იმყოფებოდა.

ეს იყო ვითომცდა კანონის უზენაესობის სახელით ძალიან მძიმე ძალადობა. ის მცირე დემოკრატიული მონაპოვარი, რაც საქართველოს აქამდე ჰქონდა, შესაძლოა მთლიანად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ…

დღეს ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს, ეს მძიმე ფაქტი რამენაირად გამოასწოროს… პირველი, რაც უნდა მოხდეს, ის ერთი დღის დანიშნული პრემიერი, რომელიც მხოლოდ ოპოზიციას ბრძოლის ტერმინებით მოვიდა და რომელსაც არ ახსოვს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვა პრობლემაა, ალბათ დღესვე უნდა გადადგეს. ფაქტობრივად ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს, როგორც ეგზეკუტორი. შემდეგ უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა და ბოლოს და ბოლოს ერთხელაც სასამართლომ გამოიჩინოს დამოუკიდებლობა…

თუ ჩვენ აქამდე ვმარჩიელობდით, ხომ არ იწყებოდა რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოში ბოლო წლებში, დღეს ფაქტობრივად უკვე დავრწმუნდით და დავრწმუნდით იმაში, რომ მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ არ წასულიყო ესკალაციაზე, კონფრონტაციაზე და მშვიდად, თუნდაც სამართლებრივად მოეგვარებინა საქმე, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღეს კმაყოფილი იქნება იმით, რაც დღეს საქართველოში მოხდა, იქნება სამწუხაროდ რუსეთი.

მე არ მინდა ეს ვთქვა, მაგრამ მართლაც არის დიდი საფრთხე, რომ უკვე ვადგებით ბელარუსიის გზას და ეს გზა არ მიგვიყვანს ჩვენ ევროპაში, ეს გზა მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნებს.

ქვეყანა ვერ გაუძლებს კიდევ ერთ დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება არ ესხმის თავს ოპოზიციას და არ მიდის საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგ.

მინდა მივმართო მას [ბიძინა ივანიშვილს] – ის ილუზორული წასვლა პარტიიდან და ხელისუფლებიდან შეიძლება ითქვას, აღმოჩნდა „აფიორა“. მე მინდა მას ვუთხრა, კარგად დაფიქრდეს მიდის თუ არა იგი მთელი დასავლეთის წინააღმდეგ, იწყებს თუ არა იგი საბოლოოდ პუტინის თამაშის თამაშს და სად იცხოვრებს შემდეგ. იფიქროს ამაზე. მას ამ შემთხვევაში არც საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი  უშველის. ცივილიზებული დასავლეთი მას არ მიიღებს“,- თქვა ხუციშვილმა.   

ამავე თემაზე