2021-02-15 12:43:57
იმედი გვაქვს, სარესტორნო ღია სივრცეების გახსნა ჩაივლის დადებითად, რაც ვითარებაზე დაკვირვებით უფრო სრულყოფილ გახსნაზე გვაფიქრებინებს – თურნავა

იმედი გვაქვს, სარესტორნო ღია სივრცეების გახსნა ჩაივლის დადებითად, რაც ვითარებაზე დაკვირვებით უფრო სრულყოფილ გახსნაზე გვაფიქრებინებს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნო ინდუსტრიაც ჩართული არის ამ მუშაობაში. საუბარი არის განახლებულ პროტოკოლებზე და განახლებულ წესებზე, რაზეც შევჯერდებით სარესტორნო ინდუსტრიასთან და რაც შეამზადებს რესტორნებს და კაფეებს იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე, და იმედია შევძლებთ ამას უახლოეს მომავალში, ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე.

რასაკვირველია ამას დასჭირდება უკვე თავისი მოსამზადებელი პერიოდი. წინა კვირაში ასეთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მოადგილის დონეზე. ამ კვირაში პირადად ვაპირებ, რომ ვუმასპინძლო რესტორნების გაერთიანებებს და ასევე შრომის ინსპექცია და ბიზნესომბუდსმენი აქტიურად ჩაერთვება ამ შეხვედრებში. ვიმსჯელებთ უკვე, თუ რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეებზე რომ ვისაუბროთ და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, უკვე გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ამ ღია სივრცეების გახსნის პირველმა ეტაპმა რა დაგვანახა, დავუშვათ, რა პრობლემებია გადასაწყვეტი და ა.შ“,- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეზღუდული ფორმატი, შაბათ-კვირა და ღამის საათები რჩება შეზღუდვაში და დაშვებულია მხოლოდ ღია სივრცეები, ეს აძლევს გარკვეულ შესაძლებლობას რესტორნებს, რომ გარდა გატანის სერვისისა, უკვე უშუალოდ მოემსახურონ ღია სივრცეში მომხმარებელს.

„ასევე შეგახსენებთ, რომ იმ რესტორნებს, ვისაც არ გააჩნია საკუთარი ვერანდები და ღია სივრცე ქალაქ თბილისის მერიამ შესთავაზა ტროტუარები დროებით სარგებლობაში, რათა მათ შეძლონ გარკვეული მასშტაბით მაინც დაიწყონ ფუნქციონირება. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რადგან მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა შეექმნას სხვადასხვა ზომის რესტორნებს, განსაკუთრებით მცირე რესტორნებს, ვისაც მცირე ფართი გააჩნია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე