2021-02-11 15:45:35
30-წლიანი პაუზის შემდეგ, „ბერლინალეს“ მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი მოხვდა

თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძინართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი” გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

ახლა კი „ბერლინალეს“ მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ასევე, „ბერლინალეს“ წლევანდელ გამოშვებაში იქნება წარმოდგენილი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება”. ბერლინში ფილმს აჩვენებენ სექციაში „ფორუმი”. ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ორივე ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტირული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო პავილიონი ვირტუალური იქნება, შეხვედრები კი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კინოფესტივალების პროგრამერებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და პროდიუსერებთან. 

ამავე თემაზე