2021-01-14 19:27:22
მსგავსი ფორმულირებები, რომელიც არ წარმოადგენს ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის განწყობას, "ქართული ოცნებისთვის" არის დამატებითი საკვები – დეკანოიძე ხვიჩია-ელისაშვილის წინადადებაზე

მსგავსი ახალი ფორმულირებები, რომელიც არ წარმოადგენს ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის განწყობას, ზოგადად, "ქართული ოცნებისთვის" და ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, არის დამატებითი საკვები – ამის შესახებ განცხადება, ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, იაგო ხვიჩიასა და ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და შეთავაზებებს.

"მე რაც მოვისმინე სამთავრობო არხებზე და რა კომენტარის კეთებაც მოგვიწია ყველას ერთად და ასე თუ შევხედავთ, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ახალი ფორმულირებები, რომელიც არ წარმოადგენს ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის განწყობას, ზოგადად, "ქართული ოცნებისთვის" და ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, არის დამატებითი საკვები, რომ, აი, განხეთქილებაა ოპოზიციაში, აი, ვერ თანხმდებიან, ვერ ჩამოყალიბებულან, რა უნდა იყოს და რას უნდა ჩაებას თვითმმართველობის არჩევნები თუ არ უნდა ჩაებას. კი, ეს აძლევს, გარკვეულწილად, იმის საზრდოს ხელისუფლებას, რომ ისინი არ კონცენტრირდნენ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე. 

ამ პარლამენტში ნამდვილი ოპოზიციური პლატფორმის წარმომადგენლის შესვლა, მე ვფიქრობ, რომ დააზიანებს ამავე წარმომადგენლებს და ლიდერებს. კიდევ ვიმეორებ, ეს მათთვის უფრო სევდიანი ისტორია იქნება და მეც მგონია და არ მინდა და არ მემეტება არავინ. თუ შესვლა უნდათ, შევლენ, ყველანაირი წინაპირობების და დათქმების გარეშე." – აცხადებს დეკანოიძე.

ამავე თემაზე