2021-01-14 16:31:44
ჯერ იმის საფუძველი, რომ დროზე, ვადაზე ადრე ჩვენ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება გავაკეთოთ, არ გვაქვს - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება. მიუხედავადა ამისა, როგორც გაბუნია ამბობს, ჯერჯერობით საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება დროზე ადრე მოხდეს, არ არსებობს, რადგან ვითარებას უნდა დააკვირდნენ.

„აშკარად იკვეთება სტაბილიზაციის და უკვე კლების ტენდენციაც. კარგია, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინაც და დღესაც რვა პროცენტი იყო. ამდენად, ეპიდემიოლოგიური გარემო უფრო კეთილსაიმედო ხდება და შანსი იმის, რომ გახსნის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ კიდევ განმეორებით მატებას, უფრო მეტია. ასეთ პირობებში ჩვენთვის მთავარია, რომ ამგვარი ტენდენცია შევინარჩუნოთ და დადებითობის მაჩვენებელი ხუთი პროცენტი არის ის ნიშნული, რომელზეც ვფიქრობთ, უკვე შესაძლო იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გახსნაზე საუბარი.

„ეს სიტუაცია სავარაუდოდ უკვე პირველი თებერვლისთვის უნდა ჩამოყალიბდეს. ჯერ იმის საფუძველი, რომ დროზე, ვადაზე ადრე ჩვენ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება გავაკეთოთ, არ გვაქვს. თუმცა სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. ვფიქრობთ, უსაფრთხო და გონივრული ვადა არის პირველი თებერვალი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ამავე თემაზე