2021-01-14 16:03:53
ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ. ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია - საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი

ჩოხატაურის მერიასთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მისი განცხადებით, შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია და ხვალ სოფელ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა შესრულდება.მერიის წინ შეკრებილები მუფტის პოზიციას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა. ისინი მუფტს მხარდაჭერისკენ და მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ. 

,,საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში. ეს ასეა დღესაც. ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ძალიან სამწუხაროა, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ მოვლენამ. მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს, მათ ვისაუბრე.

ჩვენი მიზანია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ. ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია.

ჩვენ სახელმწიფოდან დაწყებული, იგივე მასმედიის საშუალებებმა, სასულიერო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი ვიყოთ. ამიტომ ღმერთს მადლობა, ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. უნდა გავისარჯოთ და დავიხარჯოთ, რათა სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს.

ვფიქრობ, გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც გაიმართა შეხვედრები და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ არ იქნებ არანაირი პრობლემა, მხარში გვიდგანან, ლოცვები გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სოფელი დაუბრუნდება ძველ, მშვიდობიან დროს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ

ამავე თემაზე