2021-01-14 14:20:34
არ შემიძლია ჯვარი ვატარო ქვეყანაში, სადაც ადამიანს მისი არტარების გამო სცემენ – სონღულაშვილი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის რელიგიური ნიშნით შევიწროებას ფორმულას ეთერში ეხმაურება და ამბობს, რომ მას არ შეუძლია ჯვარი ატაროს ქვეყანაში, სადაც ადამიანს მისი არტარების გამო სცემენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები მუსლიმურ სოფელში შევიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯვარი არ ეკეთათ.

"განსხვავებულობის მიუღებლობა და სიძულვილი არის სწორედ ისლამოფობია, რომლის გამოვლინებასაც ჩვენ უკვე ვუყურებთ 2011 წლიდან. ვფიქრობ, რომ ციხისძირიდან დაიწყო ეს ამბავი, როდესაც მუსლიმურ სოფელში შეიჭრნენ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, რეალურად ხელისუფლების წარმომადგენლები და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებსაც ჯვრები [არ] ეკეთათ. უკვე 10 წელია, მე ჯვარს არ ვატარებ საქართველოში მუსლიმებთან სოლიდარობის ნიშნად. თუ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სცემენ იმის გამო, რომ ჯვარი არ უკეთია, მე არ შემიძლია ამ ქვეყანაში ჯვარი ვატარო", - განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჯანსაღ საზოგადოებაში შეუძლებელი და მიუღებელია, ადამიანს ლოცვის გამო თავი გაუტეხონ.

"ჩვენ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს, ბოდიში მოვიხადოთ ჩვენს მუსლიმ დებთან და ძმებთან იმ შეურაცხყოფისათვის, დისკრიმინაციისთვის, დამცირებისთვის, რომელსაც ჩვენ მათ ვაყენებთ აჭარაში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუკი ჩვენი ორიენტაცია მართლაც ევროპული, თუ მართლაც გვინდა ავაშენოთ საღი საზოგადოება, ასეთ საზოგადოებაში შეუძლებელი და მიუღებელია, რომ ადამიანს, ბავშვს თავი გაუტეხონ იმის გამო, რომ ლოცვა უნდა. მე ყოველთვის ვიძახი, ეს იყოს ბოლო მოვლენა ისლამოფობიის ან ანტისემიტიზმის გამოვლინებისა, მაგრამ როგორც ჩანს, გვჭირდება სერიოზული გულახდილი საუბარი ამ საკითხზე", - განაცხადა ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

ამავე თემაზე