2021-01-13 19:21:50
ეკონომიკის გაჩერება და ბიზნესის სრული ჩაკეტვა,  პირველ რიგში ურტყამს ფასებს და  მეტად აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას - წერეთელი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქციებზე გაზრდილ ფასებს ეხმაურება.

წერეთელმა აღნიშნა, რომ მთავრობის  სუბსიდირების მიუხედავად, არსებული ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში იყო ქვეყანაში, პირველ რიგში ურტყამს ფასებს და მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს საქართველოში ამ პერიოდისთვის, არის ძალიან რთული ვითარება ეკონომიკურად, მოსახლეობას ყოველდღე უძვირდება მოხმარების საქონელი, რაც მას აუცილებლად სჭირდება, ყველაზე ელემენტარულიც კი.

ეს, რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად არის სტაგნაციაში, ჩვენ ვხედავთ ლარის კურსი რა ნიშნულზეა, შესაბამისად, საქართველოში, სადაც ძალიან ცოტა რამ იწარმოება, ყველაფერი შემოდის უცხოეთიდან, არის იმპორტირებული და ეს ყველაფერი მიჰყვება დოლარის ფასს, ამას დამატებული ის, რომ ძვირდება გაზი, ელექტროენერგია, და ეს თავისთავად, რაც არ უნდა სუბსიდირება მოხდეს, მაინც გაზრდის ტვირთს  მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ინვესტიციების  მკვეთრი კლება, არამარტო პანდემიის დროს, თუმცა პანდემიის პერიოდში  დამატებით  ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და ბიზნესის გაჩერება, პირველ რიგში ურტყამს ფასებს,  ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს და ძალიან ამძიმებს ცხოვრებას.“ - განაცხადა წერეთელმა.

ამავე თემაზე