2021-01-13 18:16:09
წლების განმავლობაში რელიგიურ დაპირისპირებებს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, რელიგიური შევიწროების ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს ეხმაურება და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არაეფექტურ რეაგირებაზე საუბრობს.

"ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. მთელი რიგი გამოძიებები შეწყდა ან დასრულდა ხანდაზმულობის გამო. ჩვენ რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს როგორც გამოძიების ჩატარებას, ასევე, გვექნება კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან", - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, ომბუდსმენი ამბობს, რომ ზოგადად, მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით მუსლიმი თემი პრობლემებს აწყდება, რადგან თვითმმართველობების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულია.

"რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მისაღებად არის წარდგენილი განაცხადი შესაბამის ორგანოში თვითმმართველობის, თუმცა ზოგადად, ვიტყოდი, რომ მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობის პროცესში ნამდვილად აწყდება პრობლემებს ნებართვების გაცემასთან მიმართებით და თვითმმართველობების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის დისკრიმინაციული მათ მიმართ", - განაცხადა სახალხო დამცველმა.  

ამავე თემაზე